რეგიონი
ბოლო ხუთ თვეში შვილების მიმართ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს
2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 პირი ამხილეს. მათგან 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მოძალადე დააკავეს.

რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, საუბარია სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე, მუქარაზე, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობაზე.

მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო:

✅62 შემთხვევაში - ოჯახის წევრი (დედა ან ბებია)
✅32 შემთხვევაში - მსხვერპლი ბავშვი;
✅4 შემთხვევაში - მეზობელი;
✅3 შემთხვევაში - მოქალაქე/შემსწრე პირი;
✅2 შემთხვევაში - ნათესავი;
✅2 შემთხვევაში - საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
✅2 შემთხვევაში - სკოლა/მანდატური;
✅1 შემთხვევაში - არასამთავრობო ორგანიზაცია;
✅1 შემთხვევაში - სოციალური სამსახური;
✅1 შემთხვევაში - სხვა პირი.

შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე.

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა კი გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

უწყების ინფორმაციით, 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია. 

„არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, მათ შორის, მშობლების მიერ შვილების მიმართ ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვანი მსხვერპლების ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აცხადებენ შსს-ში.


Print