ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში კორპუსებში მცხოვრებლებს დღისით წყლის მიწოდება შეეზღუდათ
ზუგდიდის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებლებს წყლის მიწოდება დღის საათებშიც შეეზღუდათ. მათ შორისაა რუსთაველის ქუჩაზე მდგარი ორი კორპუსი და საცხოვრებელი სახლების ნაწილი. აღნიშნულის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ბათლომე შელიამ დაწერა. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე კორპუსებში მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება მხოლოდ ღამით, რამდენიმე საათით უწყდებოდა. გუშინდელი დღიდან კი შეზღუდვა დღის პირველიდან 4 საათამდეც ვრცელდება.

„ქალაქის ცენტრის საცხოვრებელ კორპუსებში წყლის მიწოდება დღეიდან დღისითაც გრაფიკით იქნება... გაგანია ზაფხულში ღებულობენ ამ გადაწყვეტილებას...
არჩევნები დამთავრდა, თქვენი გაინაღდეთ და აწი არ გაინტერესებთ“, - მიმართავს შელია ზუგდიდის მერიას ფეისბუქ პოსტში.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ კი აცხადებენ, რომ გრაფიკით წყალი კორპუსების ნაწილს ამ დრომდეც მიეწოდებოდა, ახლა კი შეზღუდვა ცენტრში მდებარე ყველა საცხოვრებელ ბინას შეეხება. ამის მიზეზად წყალკანალის ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელი დათო ფოცხვერია გვალვასა და ჭაბურღილებში წყლის სიმცირეს ასახელებს.

„ბინის "ამხანაგობებს" შევეკითხებით, დღის განმავლობაში, ორი საათით იზღუდება წყლის მიწოდება და თავად აირჩიონ დრო. სულ მალე ზუგდიდს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება და არც ეს პრობლემა იარსებებს“, - აღნიშნა ფოცხვერიამ.

ზუგდიდში, 24 საათიანი სასმელი წყლის მიწოდებით უზრუნველსაყოფად სამუშაოები მიმდინარე, 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.


Print