ახალი ამბები
ზუგდიდში მამების დღე აღინიშნება (ვიდეო)
მამების დღის აღნიშვნა ზუგდიდში 11:00 საათზე, მწერლების გიორგი კეკელიძისა და ზვიად კვარაცხელიას ახალგაზრდებთან შეხვედრით დაიწყო. მათ დამსწრეებს, მამებთან და შვილებთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაუზიარეს. ისინი თვლიან, რომ მამები უფრო ახლოს უნდა იყვნენ შვილებთან და ბევრი უნდა ისაუბრონ მათ როლზე ოჯახში.

„ვფიქრობ, რომ ეს კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე, მამის როლზე ოჯახში, რომელიც სტერეოტიპულად სხვანაირად მოიაზრებოდა წლების განმავლობაში. დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ მამები უფრო ახლოს უნდა იყვნენ შვილებთან, უფრო მეტად უნდა ესაუბრონ და დაუახლოვდნენ მათ. ხშირად თაობებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ, თუმცა ჩვენ უნდა ვიპოვოთ გადაკვეთის წერტილები და საერთო ინტერესები“, - თქვა ზვიად კვარაცხელიამ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მამა არ ვარ, მაქვს გამოცდილება საკუთარ მამასთან ურთიერთობის. ეს კამპანია მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, მამების და შვილების, გენდერული თანასწორობის და საზოგადოების თანაბრად განვითარების თვალსაზრისით“, - თქვა კეკელიძემ.

მამებისა და შვილების ურთიერთობებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს შეკრებილებმა. ახალგაზრდების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათ ოჯახში  მამებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, ნაწილმა კი თქვა, რომ მეტწილად დედასთან მეგობრობენ.

მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი კობა ჯიქია, რომელიც ღონისძიებას შვილთან ერთად ესწრება, არ ეთანხმება იმ აზრს, რომ შვილის აღზრდაში დედები მეტად უნდა მონაწილეობდნენ. მისი თქმით, ოჯახში მშობლების როლი თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული.

მამების დღის აღნიშვნა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება ვიქტორინა მამებისა და შვილების მონაწილეობით, სპორტული შეჯიბრება და კულინარიული მასტერკლასები.

კამპანია კაცები ზრუნავენ, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA Georgia) და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care ინიციატივით მეოთხე წელია რაც იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბურ ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის აუცილებლობას.




Print