ახალი ამბები
ევროკავშირის ელჩი სამეგრელოსა და ზემო სვანეთს ეწვევა
20 - 22 ივნისს,  ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სამეგრელოსა და ზემო სვანეთს ეწვევა. როგორც რადიო „ათინათს“ ევროკავშირის საელჩოდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ის გაეცნობა ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს და დაესწრება ღონისძიებებს, სადაც რეგიონში ევროკავშირის მხარდაჭერის პრაქტიკული შედეგები იქნება წარმოდგენილი. ასევე, კარლ ჰარცელი რეგიონის განვითარებაზე მიმართულ ორ ახალ პროექტს გახსნის სვანეთში.

დღეს ჰარცელი სენაკის სამშენებლო კომპანია "ინდიკოს" ეწვევა, მოგვიანებით კი ზუგდიდში "ევროკავშირი - ახალგაზრდებისთვის" პროგრამის ფარგლებში დაარსებულ სახელოსნოს მოინახულებს.

ამავე დღეს"ახალგაზრდა მეწარმეებთან" "ევროკავშირი - ახალგაზრდებისთვის" პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდება, რომელმაც ბიზნეს იდეა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიმუშავა. შემდეგ იგი ახალგაზრდებთან ერთად მეწარმეობის პერსპექტივების განსახილველად ზუგდიდსა და მის მახლობლად აქტიურად მომუშავე ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდება.

პარასკევს კარლ ჰარცელი ქალთა თავშესაფარს ესტუმრება, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერა მიიღო. ამავე დღეს ის მესტიაში გაემგზავრება და უშგულსაც ეწვევა.

ვიზიტის დასასრულს, 22 ივნისს, ევროკავშირის ელჩი „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ პროექტის ადგილობრივ ოფისს გახსნის, მოგვიანებით, ოფიციალურად გახსნის სვანეთში ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე მიმართულ ორ პროექტს.

Print