ახალი ამბები
ვერ დაგვაბრმავებთ - ზუგდიდში აქციის ძალის გამოყენებით დაშლა გააპროტესტეს (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციის ძალის გამოყენებით დაშლა გააპროტესტეს ადგილობრივებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ისინი ცენტრალურ ბულვარში ტრანსპარანტებით გამოვიდნენ, რომლებზეც ეწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია, “ნამეტანი ხომ არ მოგივიდათ?“, „ეს ყველას ბრძოლაა“, „ყველას ვერ დაგვაბრმავებთ", "მტერი გიჩანთ“.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი მოითხოვენ პასუხი აგოს ყველა იმ თანამდებობის პირმა, ვინც რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლა დაუშვა და ამასთან, ყველამ, ვინც მათი თქმით, აქციის დაშლისას საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა.

„მოძალადე ხელისუფლება უნდა იზიარებდეს წინამორბედების ბედს“, - თქვა როსტომ ზარანდიამ.

„აღმოჩნდა, რომ რუსულ ოკუპაციაზე არანაკლები პრობლემა საკუთარ ხელისუფლებაში გვყოლია, რადგან მათ ჩათვალეს, რომ აქვთ უფლება საკუთარ მოქალაქეებს ესროლონ რეზინის ტყვიები და დააბრმავონ ისინი“, - აღნიშნა ცაბუნია ვართაგავამ.

აქციაზე იყვნენ ისინი, ვინც მსგავს შეკრებაზე არასოდეს ყოფილა. არქიტექტორმა ლევან სოლოღაშვილმა გვითხრა, რომ ის დღეს აქ მოიყვანა ქმედებამ, რითაც ხელისუფლება, როგორც თავად მიიჩნევს, ყველა საზღვარს გასცდა.

„იცავენ რუს დეპუტატს და ჩვენ გავხდით მათგან დასაცავები, ეს არის ორმაგი სახელმწიფოებრივი ღალატი. ჯერ გაგვცენ პასუხი კითხვაზე, გვაქვს თუ არა სახელმწიფო საერთოდ და მერე, ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა“, - თქვა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ ზუგდიდელმა კარენ ესებუამ.

დემონსტრანტებმა ზუგდიდის ბულვარის გარშემო მსვლელობაც გამართეს.

ამავე თემაზე:

დედა-შვილი ზუგდიდში, რომელიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს

ზუგდიდში საპროტესტო აქცია დაიწყო
Print