პოლიტიკა
ზუგდიდელი საჯარო მოხელეები და საკრებულოს წევრები გიორგი გახარიას მხარდაჭერას უცხადებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და საჯარო მოხელეების ნაწილი შს მინისტრს გიორგი გახარიას მხარდაჭერას უცხადებს. მათ ხელი მოაწერეს შესაბამის პეტიციას და სოციალურ ქსელში გააზიარეს. ხელმომწერები მოითხოვდნენ არ გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, თუმცა რამდენიმე წუთის წინ Manifest.ge-მ პეტიცია წაშალა. ხელმომწერებს შორის იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საკრებულოს წევრი კონსტანტინე კაკავა, მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენელი დავით შამათავა, მერიის ააიპ "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" თანამშრომელი თემო კიკალეიშვილი და სხვები.

Manifest.ge-ს ადმინისტრაციამ პეტიცია ცოტა ხნის წინ წაშალა და განმარტებები გააკეთა.

"20 ივნისს შსს-მ დაშალა პარლამენტთან გამართული აქცია, სადაც მათ დაარღვიეს ადამიანის უფლებები, მათ იძალადეს ახალგაზრდებზე, უკანონოდ დააკავეს ადამიანები.

ამ საიტზე არასდროს დაიდება პეტიცია, რომელიც უპირისპირდება ადამიანს, ადამიანის უფლებებს და იცავს მოძალადეს“, - ნათქვამია ონლაინ პლატფორმის განცხადებაში.

შს მინისტრის ფოტოს წარწერით „ჩვენი მხარდაჭერა გიორგი გახარიას“ იზიარებს საკუთარ გვერდზე მერიის "კეთილმოწყობის სამსახურის" უფროსი დიმიტრი ფაცაცია.


ააიპ "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" დირექტორის თანაშემწე ლიკა ქვარცხავა კი გიორგი გახარიას დაწინაურებასა და მის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მოელოდა.




შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები თბილისში, უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. დღეს აქცია "სირცხვილია" ზუგდიდშიც გაიმართება.
Print