პოლიტიკა
ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ზუგდიდის მერის ახალი მოადგილეები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ დღეს, 28 ივნისს ვიცე მერი და მეორე მოადგილეები წარადგინა. ვიცე მერის თანამდებობას - გიგა ფარულავა, მეორე მოადგილის პოსტს კი კონსტანტინე კაკავა დაიკავებს.

გიგა ფარულავა გალში დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა. პროფესიით იურისტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიული მიმართულებით, მოგვიანებით კი, მერიის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა.

მის მიერ 2019 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ ფარულავა არ ფლობს უძრავ ქონებას, გარდა 3 600 ამერიკული დოლარის ღირებულების ავტომობილისა. დეკლარაციის შევსების მომენტში მას ანგარიშზე 2 000 ლარი ჰქონდა. გასული, 2018 წლის განმავლობაში კი ხელფასის სახით მას 24 ათასი ლარი დაერიცხა.

დეკლარაციით, ფარულავა არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, არ აქვს აღებული სესხი და არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში.

რაც შეეხება კონსტანტინე კაკავას, ის ოჩამჩირეში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამ დრომდე კაკავა ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი იყო „ქართული ოცნებიდან“.

ბოლოს დეკლარაცია კონსტანტინე კაკავამ თებერვალში შეავსო. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დეკლარაციის შევსების მომენტისთვის მას ანგარიშზე 400 ლარამდე ჰქონდა, რაც შეეხება სესხს, მან გასული წლის სექტემბერში 8 371 ლარის ოდენობით სესხი აიღო, რომლისგანაც 2018 წლის დეკემბრამდე 381 ლარი დაფარა. ასევე, გასულ წელს, საკრებულოში ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარეობის მოადგილეობის დროს, ხელფასის სახით 15 ათასი ლარი მიიღო.

დეკლარაციის თანახმად, კაკავა არ ფლობს უძრავ ქონებას და არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში.

გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას ორშაბათიდან შეუდგებიან.

Print