რეგიონი
გახარიას გადადგომის მოთხოვნით „თავისუფლების მარში“ ზუგდიდშიც მოეწყობა
ზუგდიდში, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, მსვლელობა „თავისუფლების მარში“ მოეწყობა. მსვლელობის მონაწილეები დღეს, 29 ივნისს, 19:00 საათზე, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან. სწორედ აქედან დაიწყება მსვლელობა და 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალთან დასრულდება.

„სწორედ გახარიაა პასუხისმგებელი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ის თავად აცხადებს, რომ პასუხისმგებელია 20 ივნისის ღამის ქმედებებზე, თუმცა, არ გადადგება და დაელოდება გამოძიებას.

გამოდი, რათა ძალაუფლების მქონე პირებმა დაინახონ, რომ ვერავინ გაგვიბედავს ძალადობას ისე, რომ პასუხი არ მიიღოს. გახსოვდეს, შენი ხმა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ცდილობენ მის ჩახშობას. გახსოვდეს, შენ იქ გამოხვალ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის.

გამოდი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ჩვენ ვიმსახურებთ სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას!“, - მიმართავენ აქციის ორგანიზატორები ზუგდიდელებს.

ეს 20-21 ივნისი მოვლენების საპროტესტო მეოთხე აქციაა, რომელიც ზუგდიდში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით იმართება. დღესვე „თავისუფლების მარში“ თბილისში, საპროტესტო აქციების მეათე დღეს რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მოეწყობა.

ფოტო: ხატია ესართია

ამავე თემაზე:

პრემიერ-მინისტრი: გიორგი გახარიას ეკუთვნის მადლობა და მხარდაჭერა

Print