ახალი ამბები
სამინისტრო გალში მცხოვრებ აბიტურიენტებს მოუწოდებს, გამოცდებში მონაწილეობა შესაძლებლობის მიხედვით მიიღონ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს მოუწოდებს, რომ შესაძლებლობის მიხედვით, გამოცდებში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა. მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ეხება იმ აბიტურიენტებსაც, რომლებმაც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს,


"ჩვენი ინფორმაციით, აბიტურიენტების ნაწილმა ენგურის ხიდიდან შეძლო გადმოსვლა. ველოდებით ყოველდღე სიტუაციის გაუმჯობესებას. ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა უმაღლესი განათლების მიღების. მივუწოდებ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, მათ შეძლეს თუ არა პირველ გამოცდაზე მისვლა, აუცილებლად როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ და რა სქემით ვუზრუნველვყოთ მათვის განათლების ხელმისაწვდომობა",- განაცხადა აბულაძემ.


ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო აბიტურიენტების ნაწილი ეროვნული გამოცდებისთვის ზუგდიდში გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.


Print