ახალი ამბები
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში მორიგი აქცია გაიმართა (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა. ამჯერად პროტესტი ქუჩაში ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა გამოხატეს.

მათ ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით „გახარია, წადი“, „რუსული ოცნება“, „რეჟიმი უნდა დაინგრეს“. აქციის რამდენიმე მონაწილეს სიმბოლურად ცალი თვალი ჰქონდა ახვეული.

ისინი ქალაქის ცენტრში გადაადგილდებოდნენ და სკანდირებდნენ „წადი, წადი“.

„ვუერთდებით თბილისში ჩვენს მეგობრებს რომლებიც ყოველ საღამოს შვიდ საათზე დგანან მეორე სამსახურში, რომელსაც სამშობლოს სამსახური ჰქვია და ვუცხადებთ სოლიდარობას. ასევე, ვუერთდებით მათ მოთხოვნებს და ვეუბნებით გახარიას, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს. მე პირადად ვიდექი, ბატონო გახარია 20 ივნისს, პირველი რამოდენიმე გასროლის შემდეგ უბრალოდ შოკში ვიყავი მეგონა ფოიერვერკებს ისროდნენ. მე სუფთა ხელებით, ანთებული გულით პროტესტის გამოსახატავად ვიდექი, ვეუბნებოდი არას ოკუპაციას, არას რუსეთს. თქვენ კი საქართველოს მოქალაქეებს დაუშინეთ ტყვიები, გაიმეტეთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თქვენ გიხდიან ხელფასს. მოქალაქეები, რომლებმაც თქვენ აგირჩიეს 2012-ში და ზუსტად ეს მოქალაქეები დღეს თქვენ გეუბნებით, რომ თქვენ უნდა წახვიდეთ, რეჟიმი უნდა წავიდეს“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სალომე ფარცვანიამ.

მათ მოგვიანებით სხვა ლოკაციაზე გადაინაცვლეს.

Print