ახალი ამბები
ზუგდიდის მესამე სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ზუგდიდის მერიამ მესამე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რეაბილიტაციას 900 ათასამდე ლარი მოხმარდება. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია როგორც მთლიანი შენობის, სველი წერტილების, ასევე, სკოლის ეზოსა და სპორტული სტადიონის მოწყობა.

ამ დროისთვის, უცნობია, სად გადანაწილდებიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები. როგორც ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორმა კახა ფარცვანიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, ისინი მოსწავლეებისთვის ოპტიმალურ სკოლას შეარჩევენ, რათა მათთვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სიარული მოსახერხებელი იყოს.

„ამ ეტაპზე, არ არის გადაწყვეტილი, რომელ სკოლაში განაწილდებიან ბავშვები. სავარაუდოდ, დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს სხვადასხვა სკოლაში გადავანაწილებთ დროებით. მთავარია, რომ ვეცდებით, ძალიან არ დავქსაქსოთ და მათთვის და მათი მშობლებისთვის მოსახერხებელი იყოს ადგილიც დროისა და მგზავრობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ფარცვანიამ.

ტენდერში წინადადებები 20-დან 25 ივლისის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 თვეში უნდა დაასრულოს.

Print