რეგიონი
გახარიას ბანერის გადმოფენისთვის ზედამხედველობის სამსახურმა ,,ენმ''- ს წევრი დააჯარიმა (ვიდეო)
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრ გიორგი ფიფია გიორგი გახარიას გამოსახულებით ბანერის გადმოფენისთვის დააჯარიმეს. საუბარია გიორგი გახარიას ბანერზე, რომელიც ,,ენმ''-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ცენტრალურ მოედანთან მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან გადმოფინეს.

როგორც ზედამხედველობის სამსახურის თანამშომლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, ოქმი ადმინისტრაციული წესით, 150 - ე მუხლით არის შედგენილი, რაც 50 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

"პლაკატების, ლოზუნგების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომელიც არ არის გამოყოფილი ისჯება 50 ლარით", - აღნიშნა სამსახურის თანამშრომელმა გია გვილავამ. 

,,ენმ''- ს წევრების თქმით, ისინი ზედამხედველობის სამსახურს ბანერის ჩამოხსნის შესახებ არ გაუფრთხილებია, ბანერი კორპუსიდან, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში იყო გადმოფენილი.

"მოვიდნენ, გვითხრეს, ეს კანონდარღვევაა და უნდა დაგაჯარიმოთო. რომ ვკითხეთ, ამავე ადგილას რამდენიმე დღის წინ პუტინის ბანერი იყო გამოფენილი და მაშინ თუ გქონდათ რეაგირება-თქო, გვიპასუხეს, მსგავსი ფაქტი არ გვგონია, ზუგდიდში ყოფილიყოოო", - თქვა ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრმა სალომე ფარცვანიამ. 

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.

რამდენიმე დღის წინ, ამავე კორპუსიდან სამოქალაქო აქტივისტებმა პუტინის საწინააღმდეგო ბანერი დაკიდეს. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს ჟურნალისტებმა ვკითხეთ, რატომ არ მოახდინეს რეაგირება აღნიშნულ შემთხვევაზე, რაზეც იაგო ქირიამ გვიპასუხა, რომ შაბათ-კვირას შესაბამისი სამსახური მხოლოდ შეტყობინებების საფუძველზე მუშაობს.
Print