ახალი ამბები
მერია: მძღოლს, რომელიც შშმ პირს ვერ მოემსახურა, საყვედური გამოუცხადეთ
შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ ადმინისტრაციამ მძღოლს, რომელიც ეტლით მოსარგებლეს არ მოემსახურა, საყვედური გამოუცხადეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიაში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, მძღოლმა ვერ უზრუნველყო, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით ესარგებლა მოქალაქეს, რომელიც ეტლით გადაადგილდება.

„მომხდარზე დავიწყეთ მოკვლევა. შესაბამისი რეკომენდაცია გავუგზავნეთ მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურს და შესაბამისად, ხელმძღვანელმა მძღოლს გამოუცხადა საყვედური. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდება და თითოეული მოქალაქის უფლებები იქნება დაცული“, - აღნიშნეს მერიაში.

ეტლით მოსარგებლე სოფია ჩახაიამ, რომელიც ზუგდიდის სოფელ კახათიდან სამსახურში, სოციალურ საწარმო „ჰანგში“ უნდა წამოსულიყო, შშმ პირთათვის ადაპტირებული ავტობუსით ვერ ისარგებლა. საწარმოს ხელმძღვანელი რუსლან საჯაია მძღოლის მხრიდან გულგრილობაზე საუბრობდა. მისი თქმით, მძღოლი ვალდებული იყო გადმოსულიყო და მგზავრისთვის აეხსნა, თუ რა ვითარება იყო და მისთვის დახმარება შეეთავაზებინა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ადაპტირებული ავტობუსით შშმ პირმა ვერ ისარგებლა

ზუგდიდის მერია: ავტობუსს, რომლითაც შშმ პირმა ვერ ისარგებლა ხარვეზი არ აღმოაჩნდა
Print