ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ახალი სტრუქტურით, სავარაუდოდ, სექტემბრიდან იმუშავებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია რეორგანიზაციის შედეგად, ახალი სტრუქტურით მუშაობას, სავარაუდოდ მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან შეუდგება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა ირაკლი ამანათიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, რეორგანიზაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, ხვალიდან კი სპეციალური ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც ახალ სტრუქტურას შეიმუშავებს. კომისიას მერი გიორგი შენგელია უხელმძღვანელებს, მის შემადგენლობაში კი ვიცე მერი გიგა ფარულავა, მეორე მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ადმინისტრაციის უფროსი თენგიზ შანავა და თავად ამანათიძე იქნებიან. ჩვენს კითხვაზე, იგეგმება თუ არა შემცირებები, ამანათიძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე შემცირებების შესახებ ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს. 

„ხვალიდან ვიწყებთ პროექტის შემუშავებას, რომელიც ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, მათ შორის, საშტატო ნაწილში გულისხმობს. ეს იქნება მაქსიმალურად მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე და ორიენტირებული იქნება, რომ მერიის მუშაობა იყოს უფრო ეფექტური. ცვლილებები შევა ასევე, მაგალითად, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და სამუშაო აღწერილობებში, რომელსაც ამტკიცებს მერი. სტრუქტურას კი ამტკიცებს საკრებულო. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, შეთანხმებული იქნება საჯარო სამსახურის ბიუროსთან. რაც შეეხება იმ პირებს, ვისაც, სავარაუდოდ, შეეხება სტრუქტურული რეორგანიზაცია, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ, მათ უნდა მიეცეთ ერთთვიანი ვადა. ისინი, შესაძლოა, დაინიშნონ საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და რანგის შესაბამისად, სხვა პოზიციაზე, ან მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ებსა და შპს-ებში, ასევე, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მობილობის წესით. სხვა შემთხვევაში კი, ირიცხებიან რეზერვში და ეძლევათ სამი თვის კომპენსაცია“, - გვითხრა ამანათიძემ. 

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი ახალ სტრუქტურაზე მუშაობას, 20 ივლისისთვის დაასრულებს, რის შემდეგაც მესამე, დამტკიცების ეტაპი დაიწყება. საბოლოოდ კი, საკრებულოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროექტი ძალაში სექტემბრის დასაწყისში უნდა შევიდეს.

ზუგდიდის მერიაში რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ გიორგი მერმა 28 ივნისს, მოადგილეების წარდგენის შემდეგ განაცხადა. 




Print