ახალი ამბები
„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდელი წევრი: ლგბტ და კოლგოტიანი მამაკაცების აქციას არ ვემხრობით (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა ლგბტქი თემისა და "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ აქცია გამართეს. შეკრებილებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით გინება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მიმართვა ოკუპანტ ქვეყანას ომის დაწყებისკენ უბიძგებს.

„გაბუნიას მივმართავ, ომი რომ დაიწყოს და მართლა შემოვიდეს ის ოკუპანტი რუსი, თქვენ სად წახვალთ? ხომ დაიმალებათ ვირთხებივით? იმ ომს კი შეეწირებიან ახალგაზრდა ბიჭები. ჩვენ, ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, ამით ვამაყობდით და უნდა ვიამაყოთ მომავალშიც. მტერი კი არა შვილის მკვლელი რომ იყოს, ნორმალური ვაჟკაცი არ შეურაცხყოფს მიცვალებულს და მსგავს სიწმინდეებს“, - თქვა  შავლეგ თოდუამ, რომელიც ზუგდიდის მერის ბოლო არჩევნებზე "პატრიოტთა ალიანსიდან" კენჭს იყრიდა.

რადიო „ათინათის“ კითხვაზე, ამართლებს თუ არა ის რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტში ყოფნას და თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თოდუა ამბობს, რომ მისი ჩამოყვანა ორი თვის წინ ხელისუფლების, "ევროპული საქრთველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაიგეგმა.

„გავრილოვი ვინც მოიყვანა, ყველამ კარგად იცით და თქვენ ჟურნალისტებმა სწორად გააშუქეთ ეს ამბები. გავრილოვის ჩამოყვანა წინასწარ იყო დაგეგმილი. მე თქვენ გეკითხებით, ორ წუთში როგორ გაჩნდა იქ პლაკატები, როცა გავრილოვი მივიდა. პროტოკოლი ორი თვის წინ იყო გაწერილი და ყველამ კარგად იცოდა, ვინ სად უნდა ყოფილიყო განაწილებული, ეს იყო მთავრობის ორგანიზებული", - თქვა მან.

რაც შეეხება თბილისში რუთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს, "პატრიოტია ალიანსის" წევრები ამბობენ, რომ  ისინი ლგბტქი და „კოლგოტიანი კაცების“ პროტესტს მხარს ვერ დაუჭერენ.

„მე ყველანაირ აქციას ვემხრობი და გვერდში ვუდგავარ, რომელიც ქართული ინტერესების დაცვას ეხება. დანარჩენი ლგბტქი და კოლგოტიანი კაცების აქციას არ ვემხრობი, არა ოკუპაციას იძახიან ერთი ხელით  და მეორე ხელით რუსებს უბიძგებენ შემოვიდეს ჯარით“, - ამბობს თოდუა.  

რამდენიმე წუთით აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. სამართალდამცავების მოთხოვნის შემდეგ შეკრებილებმა ტროტუარზე გადაინაცვლეს. 

ამავე თემაზე:
„არა რუსთავი 2“-ს, „კი ეკლესიას“ - ზუგდიდში „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია მიმდინარეობს
Print