რეგიონი
ზუგდიდში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით ზუგდიდის ტექნოპარკში, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა ფარგლებში“, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ჩატარდა.  

შეხვედრაზე ოცდაათამდე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენელმა შეკრებილებს საკუთარი საქმიანობის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა. ფორუმის მთავარი მიზანი ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია იყო. 

„ეს არის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ მოხალისეობის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, ისე ზოგადად, მოსახლეობაში. მოხალისეობა ასოციაცია „ათინათისთვის“ არ წარმოადგენს ახალ ღონისძიებას, ამას ჩვენი დაარსების პირველი დღეებიდან ვაკეთებთ. ასევე, ვცდილობთ, რომ ჩვენი გამოცდილება, ცოდნა და უნარები გავუზიაროთ სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“, - თქვა ასოციაცია „ათინათის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის „დროის ბანკის“ შესახებ. 

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსელია კონრად ადენაუერის ფონდი.


Print