ახალი ამბები
სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს (ვიდეო)
ზუგდიდის ბულვარში მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. საინფორმაციო ბუკლეტები ქალაქის მცხოვრებლებს მერმა, მისმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საჯარო მოხელეებმა და საკრებულოს წევრებმა დაურიგეს. სამოქალაქო ბიუჯეტისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მილიონი გამოიყო.

„2020 წლიდან ზუგდიდში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ, თავიანთი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დაგეგმონ საკუთარი უბნის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტი. ზუგდიდში  ხუთი ადმინისტრაციული ერთეულია,  თითო ადმინისტრაციულ ერთეულს ექნება 200 000 ლარის დაგეგმვის შესაძლებლობა და პრიორიტეტებსაც თავად განსაზღვრავს“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მოქალაქეებმა სამოქალაქო ბიუჯეტის იდეა მოიწონეს და იმედი გამოთქვეს, რომ პროგრამა შედეგიანი და ნამდვილად მათზე მორგებული იქნება. მათ ასევე საკუთარ უბანში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

„ძალიან ბევრი მაწანწალა ძაღლი დაძრწის ჩვენს უბანში, ეს არ მომწონს. არის რაღაცები, რაც მომწონს, თუმცა, პირველ რიგში, ჩემს უბანზე ვაკეთებ აქცენტს.  მეზობლები არიან ძალიან უკმაყოფილო იმით, რომ სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელი“, - თქვა ხუბულავას ქუჩაზე მცხოვრებმა ლალი ოდიშარიამ.

პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე.


Print