ახალი ამბები
თემურ ნადარაია: ენგურის ხიდიდან კონტრაბანდული საქონელი ისევ შემოდის
გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაის თქმით, მიუხედავად მიღებული ზომებისა, გალის რაიონის მცხოვრებლები მაინც ახერხებენ დანარჩენი საქართველოდან კონტრაბანდული საქონლის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადატანას. ის ამას „კანონში“ არსებული ხარვეზებით ხსნის. ამის შესახებ ნადარაიამ აფხაზურ მედიას განუცხადა.

მისი განმარტებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კანონმდებლობაში“ აღნიშნულია, რომ გალის რაიონის მცხოვრებს შეუძლიათ სამეგრელო- აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 50 კგ. ოდენობის სურსათის გადატანა, თუმცა, მასში არ არის გაწერილი, თუ რა ჯგუფის და ოდენობის საქონელი შედის ამ 50 კილოგრამში.

„შეიძლება ადამიანმა ჩამოიტანოს 50 კილოგრამი კარტოფილი პირადი მიზნებისთვის, თუკი მას დიდი ოჯახი აქვს. მაგრამ, როდესაც ცოლ - ქმარს 50 კილოგრამი ყველი ჩამოაქვს, ეს უკვე სავაჭრო პარტიაა, რომელსაც ჩვენ შემდეგ სოხუმის და აფხაზეთის სხვა ქალაქებში ბაზრებზე ვხედავთ. ასევე ხდება სხვა პროდუქტების შემთვევაშიც“, - ამბობს ნადარაია.

მისი თქმით, სიტუაციას „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი“ უნდა აკონტროლებდეს და ზომები უნდა მიიღოს, თუმცა ამ პროცესის შეფერხება, „როგორც ჩანს, ვიღაცის ინტერესებში შედის“.




Print