ახალი ამბები
90 000-ზე მეტი ხელმომწერი ნენსკრა ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს
„მწვანე ალტერნატივის“ და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ბანკებს ნენსკრა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერილი პეტიცია გადასცეს. შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართა. „მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, რომ  აღნიშნული ჰესის მშენებლობის შეჩერებას  საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე 90 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო პეტიცია კონკრეტულად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტებს მიმართავს. ხელმომწერები ითხოვენ ბანკებმა არ დააფინანსონ საქართველოში დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის, 280 მეგავატის სიმძლავრისა და 125 მეტრის სიმაღლის კაშხლის მქონე ნენსკრას მშენებლობა.

„პეტიცია “შეაჩერე ნენსკრა” აჩვენებს ხალხის ძალას - თუ როგორ შეიძლება გლობალურმა საზოგადოებამ, სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებმა სვანეთის ძირძველი მოსახლეობის გასაჭირი გაიზიარონ და მათი სათქმელი უფრო ფართო მასშტაბით გაავრცელონ. ეს პროექტი რეალურად საზიანოა როგორც სვანეთში მცხოვრებთათვის და ბიომრავალფეროვნებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ის გვერდს უვლის საქართველოს კანონმდებლობას, პროცესი არ მიმდინარეობს გამჭვირვალედ. იმედია, 90 000-ზე მეტი ადამიანის მოთხოვნა სერიოზულად დააფიქრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მისი დაფინანსების შეწყვეტაზე“, - განაცხადა „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძემ.

საერთაშორისო ბანკებთან პეტიციის და ხელმოწერების გადასაცემად „მწვანე ალატერნატივის“ დამფუძნებელი მანანა ქოჩლაძე ჩავიდა, ის შეხვედრის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციასაც დაესწრო. 

ამავე თემაზე:

„შეაჩერე ნენსკრა“ – 87 ათასზე მეტი ხელმოწერის მქონე პეტიციას საერთაშორისო ბანკებს გადასცემენ

„მწვანე ალტერნატივა“ ნენსკრა ჰესთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენას ითხოვს

ჭუბერში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
Print