ახალი ამბები
ახლად აღმოჩენილ უფსკრულს ჩხოროწყუში ახალგაზრდა ქალის სახელი ეწოდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მიგარიის კირქვულ მასივებზე ქართულ-პოლონურ სპელეოლოგიური ექსპედიცია მოეწყო. სპეციალისტებმა მიგარიის მასივზე არსებული მღვიმეები და უფსკრულები შეისწავლეს, ასევე მიკვლიეს ახალ კარსტულ შახტებს და უფსკრულებს. ჩხოროწყუში სპელეოლოგები ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ახლად აღმოჩენილ უფსკრულს კი ექსპედიციის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრის 26 წლის თამარ თოლორდავას სახელი დაარქვეს.

„მიგარიის კირქვული მასივი ძალიან საინტერესო ადგილია, თუმცა მისი დიდი ნაწილი შეუსწავლელია. აქ უფსკრულების აღმოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა. მოულოდნელი უფრო ის იყო, რომ მას ჩემს სახელი მიანიჭეს, გაოგნებული ვარ, ძალიან მიხარია“, - თქვა პროფესიით ბოტანიკოსმა თამარ თოლორდავამ.

როგორც ექსპედიციის წევრი და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის საბუნებისმეტყველო განყოფილების გამგე იგორ ფიჩხაია ამბობს, მიგარიის მასივების შესწავლა გაგრძელდება. მისივე თქმით, პოლონელები ჩხოროწყუში საკუთარი ფინანსებით ჩამოვიდნენ.

„ჩვენი უცხოელი მეგობრები ჩვენგან მხარდაჭერის გარდა არაფერს ითხოვენ.  ისინი გვეხმარებიან მღვიმეების გამოკვლევაში, რაც ჩვენი ახლგაზრდა სპელეოლოგებისთვისაც კარგი პრაქტიკაა. ერთადერთი რაც იქნება კარგი არის ის, რომ ოცინდალეს მღვიმემდე მისასვლელი გზა მოეწყოს სპელეო-ტურისტებისთვის, ეს მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი ტურისტული დანიშნულება იქნება“, - ამბობს ფიჩხაია.

პოლონელების გარდა ექსპედიციაში  თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-სპელეოლოგთა ჯგუფი (კუკური წიქარიშვილი, ზაზა ლეჟავა, ლაშა ასანიძე) და საქართველოს სპელეოლოგთა კლუბის (იური დავლიანიძე, თემო კირვალიძე, ჯანიკო ჯანაშია) მონაწილეობდნენ.




Print