ახალი ამბები
გიორგი შენგელია: სამინისტროსთან ერთად ზუგდიდის ცენტრის გენგეგმის პროექტირებაზე ვმუშაობთ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, მერია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ქალაქ ზუგდიდის ნაწილის გენერალური გეგმის შედგენაზე მუშაობს. როგორც შენგელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, ამ ეტაპზე საუბარია, დაახლოებით, ქალაქის ცენტრის ტერიტორიაზე. მომავალში კი მთლიანი ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება იგეგმება.

„საბოლოოდ ვგეგმავთ მთლიანად ქალაქი მოვიცვათ და გავაკეთოთ გენგეგმა, რომ კონკრეტული მიმართულება და გეგმა გვქონდეს, თუ რა ტიპის მშენებლობები იყოს დაშვებული ქალაქში“, - აღნიშნა შენგელიამ.

ამის შესახებ მან დღეს მშენებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების გეგმის განხილვისთვის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პოლონელი ექსპერტების მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, 97,2 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე შესაძლებელი იქნება ბიზნეს, საცხოვრებელი, გასართობი და სარეკრეაციო ზონების მოწყობა.


„განაშენიანების გეგმის მიხედვით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, კონკრეტულად დავგეგმოთ სამშენებლო სამუშაოები, მივანიჭოთ ფუნქციები ამა თუ იმ მიწას, რაც გაგვიადვილებს მუშაობას და აგვაცილებს თავიდან ქაოსურ და ქაოტურ მშენებლობებს“, - თქვა შენგელიამ.

საბოლოოდ, მიღებული შენიშვნებისა და რჩევების შემდეგ, პროექტი მზად სექტემბერში იქნება.  დოკუმენტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალების“ ფარგლებში მომზადდა.



Print