რეგიონი
ზუგდიდელმა აუტისტმა ბავშვმა ნახატზე ღვთისმშობელი გააღიმა
ზუგდიდელმა გიგი სიჭინავამ, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ხელოვანია, საკუთარ ნახატზე ღვთისმშობელი გააღიმა. როგორც მოზარდის დედამ ნათია სახოკიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, გიგი მას, დაახლოებით, 6 თვე ხატავდა. ღვთისმშობელი იესოთი პირველი ნამუშევარია, რომელიც მან რელიგიურ თემაზე შექმნა.

„ერთ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო და დაიწყო ხატვა. ასე მითხრა, ღვთისმშობელს დავხატავ და გამოიდარებსო. რამდენჯერმე წაშალა თითქმის დასრულებული ნამუშევარი. ძალიან ფრთხილად და მოწიწებით ექცევა, ჩანს, რომ ძალიან უყვარს. ეს პირველი ნამუშევარია, რომელზეც გიგი ამდენ ხანს მუშაობდა. ნახატზე მუშაობა რომ დაასრულა, მოვიდა, მაჩვენა და მითხრა: დედა, ნახე ღვთისმშობელი გავაღიმეო“, - ამბობს ხელოვანის დედა.

ნათიას თქმით, ნახატი საკმაოდ დიდი ზომისაა და მის შესაქმნელად გიგიმ 48 ფერის ფანქარი გამოიყენა. ახლა ნამუშევარი პატარა მხატვრის სახელოსნოშია. მოზარდი აპირებს, რომ  მას ორნამენტებიანი ჩარჩო გაუკეთოს და შემდეგ ნამუშევარი ეკლესიაში მიიტანოს.

Print