ახალი ამბები
ტყვარჩელში მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულების ნათესავები გაიტაცეს
ტყვარჩელის რაიონის პროკურატურამ რუსლან და ვიაჩესლავ ფანცულაიების გატაცების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, წერს „ნუჟნაია გაზეტა“. ამავე ცნობით, რუსლან და ვიაჩესლავ ფანცულაია ძებნაში გამოცხადებული მილან და ზურაბ ფანცულაიების ნათესავები არიან.  

ამ უკანასკნელების მიმართ საქმე 12 ივლისს სოხუმის ცენტრში აინარ კვიცინიას მკვლელობის და ლეონ კვიცინიას დაჭრის საქმეზე აღიძრა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 15 ივლისს, დაახლოებით, 23:00 საათზე, ტყვარჩელში უცნობმა პირებმა გაიტაცეს 1963 წელს დაბადებული რუსლან ფანცულაია და 1967 წელს დაბადებული ვიაჩესლავ ფანცულაია.

„აღნიშნული პირების გატაცების შემდეგ, გამოძიების მიერ დაუდგენელმა პირებმა, საწვავი ნივთიერების გამოყენებით, ცეცხლი წაუკიდეს ტყვარჩელში, შევჩენკოს ქუჩაზე განლაგებული სახლს, სადაც დაზარალებულები ცხოვრობდნენ“, – იტყობინება უწყების ვებ-გვერდი.

საქმე ასევე აღძრულია სხვისი ქონების განზრახ დაზიანების მუხლით. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ე.წ. გენერალური პროკურორის პირად კონტროლზეა აყვანილი, წერს გამოცემა.

ამავე თემაზე:

სოხუმის ცენტრში მამაკაცი მოკლეს


Print