რეგიონი
აფხაზეთში ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილი პოლიციელებმა, სავარაუდოდ, წამებით მოკლეს
სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებს ბადრი ჯიკირბას, ასლან ჭედიას, მინას ოდაბაშიანს და ლევან თოფურიას, სასჯელი სახით, შინაპატიმრობა შეეფარდათ, წერს „აფსადგილ ინფო“.

აღნიშნული თანამდებობის პირები ეჭვმიტანილები არიან გადამეტებული ძალის გამოყენებაში. კერძოდ, გამოძიების წინასწარი ვერსიით, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა "განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (ომარ მირცხულავას გატაცება) ორგანიზებაში თანამონაწილეობაში აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ფიზიკური ძალა გამოიყენეს ანზორ თარბას მიმართ, რომელიც 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. შედეგად, ანზორ თარბას მიაყენეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხეულის დაზიანებები. ფაქტზე გამოძიება სოხუმის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო. 

ომარ მირცხულავა 2019 აპრილში დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს. ამ უკანასკნელმა დაკავების ადგილიდან 6 ივლისს გაქცევა მოახერხა. იმავე დღეს აფხაზმა სამართალდამცავებმა დააკავეს გატაცების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სამი პირი, მათ შორის, ანზორ თარბა.

ამავე თემაზე: აფხაზეთში გატაცებული პირის ადგილსამყოფელის დასადგენად ფულადი ჯილდო დააწესეს

Print