ახალი ამბები
დედა ოთხი წლის წინ ტობავარჩხილის ტბასთან დაკარგულ შვილს დღემდე ეძებს
ოთხი წლის წინ ჩხოროწყუში, ტობავარჩხილის ხეობაში დაკარგულ გიორგი მუჩიაშვილს დედა ამ დრომდე ეძებს. როგორც ინგა ვეკუამ რადიო "ათიანთს" უთხრა, მას იმედი აქვს, რომ მისი შვილი ცოცხალია. მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს 10 დღე ეძებდნენ, თუმცა მის კვალს ვერ მიაკვლიეს.

„ოთხი წელია ვეძებთ, ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერ ვიპოვეთ. ასე ხომ არ შეიძლება, სადღაც ხომ უნდა იყოს. გიორგი ოთხი წლის წინ სალაშქროდ მეგობრებთან ერთად წავიდა. ფეხსაცმელი უჭერდა და მათთვის უთქვამს, რომ მეორე ტბამდე ვერ წავიდოდა და პირველ ტბასთან დაელოდებოდა. პირველიდან მეორე ტბამდე რვა საათის შუალედია. მობრუნებულ მეგობრებს იგი ადგილზე არ დახვდათ. მაშინ ტობავარჩხილის ტბის მიმდებარედ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ეძებდნენ. მე როგორც ვიცი ასამდე ადამიანი იყო ჩართული სამძებრო ღონისძიებაში. მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ყოველ წელს ვითხოვ დახმარებას. გუშინაც დავარიგე თბილსში სურათები, იმედი მაქვს სადღაც არის და უბრალოდ ამნეზია აქვს. მე ვესაუბრე ფსიქოლოგებსაც და მითხრეს, რომ ადამიანს როდესაც ეშინია ამნეზია ემართება. ცოტა მშიშარაც იყო“, - ამბობს გაუჩინარებულის დედა ინგა ვეკუა.

მისი თქმით, შვილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მანამ არ შეწყვეტს, სანამ მის კვალს არ მიაგნებს.

33 წლის გიორგი მუჩიაშვილი 2015 წლის აგვისტოს გაუჩინარდა. მაშინ  სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო, როგორც სამაშველო სამსახური, ასავე ადგილობრივი მონადირეები და ვერტმფრენი.

Print