ახალი ამბები
ზუგდიდში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხელმოწერები ტაძრის ეზოში გროვდება
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში სუფრაა გაშლილი, პარალელურად კი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, სუფრა, რომელიც ეზოშია გაშლილი, მრევლის მიერ არის მოწყობილი და ის ჩვეულებრივი ტრაპეზია.

"სამი დღეა ვაგროვებთ ხელმოწერებს, სხვადასხვა ქალაქებში. დღევანდელი დღე უბრალოდ ამ ტრაპეზს დაემთხვა და მომენტით ვისარგებლეთ. ვაგროვებთ ხელმოწერებს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. იმისთვის, რომ არ დაკანონდეს ეს ცოდვა. აიკრძალოს მისი პროპაგანდა, როგორც ტელევიზიით, ასევე განათლების სისტემაში. აიკრძალოს ცნობილი პრაიდები. ამ დროსთვის გვაქვს 2000 ხელმოწერა. გვინდა, რომ ეს ყველაფერი კანონოის დონეზე აიკრძალოს. ამ ხელმოწერებს პარლამენტს წარვუდგენთ და ვაჩვენებთ ხელისუფლებას ჩვენს ერთობას" , - თქვა საინიციატივო ჯგუფს „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“  ალექსანდრე ოძელაშვილმა. 

მოქალაქეები, რომლებიც ხელს აწერენ პეტიციას შემდგომ სუფრას უსხდებიან. მრევლის ინფორმაციით, ტრაპეზი ადგილობრივმა ბიზმესმენმა დააფინანსა.
Print