ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში სავარაუდო წამებაში ეჭვმიტანილი ორი სამართალდამცველი ძებნაში გამოცხადეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს საგამოძიებო სამმართველოს ორი თანამშრომელი ადგურ აუტლევი და ვიტალი კულოვი, რომელთაც ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადამეტებული ძალის გამოყენებაში ედებათ, ძებნაში გამოცხადეს. ამის შესახებ "გენერალური პროკურატურის" ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას, წერს „აფსადგილ ინფო“.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, აღნიშნული სამმართველოს კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს: ბადრი ჯიკირბას, ასლან ჭედიას, მინას ოდაბაშიანს და ლევან თოფურიას, შინაპატიმრობა შეეფარდათ. 

გამოძიების წინასწარი ვერსიით, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დანაშაულის ორგანიზებაში თანამონაწილეობის აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ფიზიკური ძალა გამოიყენეს ანზორ თარბას მიმართ, რომელიც 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. შედეგად, დაკავებულს მიაყენეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხეულის დაზიანებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიებას დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს.

ამავე თემაზე: 

აფხაზეთში ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილი პოლიციელებმა, სავარაუდოდ, წამებით მოკლეს

აფხაზეთში გატაცებული პირის ადგილსამყოფელის დასადგენად ფულადი ჯილდო დააწესეს



Print