ახალი ამბები
შსს განმარტავს, რატომ არ შემოუშვეს იულია სუსლიაკი საქართველოში
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე - ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში განუცხადეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სუსლიაკი, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული, საქართველოში უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად არ შემოუშვეს.

„კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის „დ“ და „თ“ საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების , სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქი „ვახტანგისი”-ს გავლით გააბრუნეს აზერბაიჯანის მიმართულებით“, - გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე 19 ივლისს გაათავისუფლეს. სუსლიაკის საქმე უკრაინის გენერალურ პროკურატურას გადაეცა. გათავისუფლების შემდეგ სუსლიაკმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მისი საქმე გაყალბებულია და ყველა იმ პირს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, პასუხისგება მოუწევს.

Print