სპორტი
ზუგდიდელმა მხედრებმა ცხენოსნობის ეროვნული შეჯიბრის სამივე დოღში გაიმარჯვეს
აბაშაში, ეროვნული ცხენოსნობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში ზუგდიდის საცხენოსნო კლუბმა „ხარებამ“ 6 გამარჯვება მოიპოვა. როგორც კლუბის დამფუძნებელმა მამა იაკობ ეხვაიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, სამივე დოღში პირველ და მეორე საპრიზო ადგილებზე კლუბის მხედრები გავიდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი მოწვეულია. 

„პირველი დოღი იყო ინგლისური სისხლის ასაკოვან ცხენებს შორის 1800 მეტრიან დისტანციაზე, რომელშიც ფაზისმა და ხარებამ გაინაწილეს პირველი და მეორე ადგილები, მეორე დოღი 1600 მეტრიან დისტანციაზე, ინგლისურის სისხლის ახალგაზრდა ცხენებს შორის იყო. აქ ცხუმმა და პეტრამ გაიმარჯვეს, ლიმონამ და შავმა ბრილიანტმა კი 1200 მეტრიან დისტანციაზე შერეული სისხლის ცხენებს შორის მოიპოვეს საპრიზო პირველი და მეორე ადგილები“, - გვითხრა მამა იაკობმა.

შეჯიბრი, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის საცხენოსნო კლუბი მონაწილეობდა, ხალხური ცხენოსნების დღისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

Print