ახალი ამბები
ურთაში, სავარაუდოდ, ახალი ქვის ხანის არტერფაქტები აღმოაჩინეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მცხოვრები, ლუდუკი ქირიას საკარმიდამო ნაკვეთში, სხვადასხვა სახის სამუშაო იარაღები აღმოაჩინეს. მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქია მიიჩნევს, რომ აღმოჩენილი ნივთები ნეოლითური არტეფაქტების კოლექციაა. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, ისინი მრავალფეროვანია და ძირითადად სამეურნეო იარაღებია.

„ეს აღმოჩენა განეკუთნება გვიან ნეოლითის ხანას, მანამდეც ცალკეული აღმოჩენები იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში. აღმოჩენის მნიშვნელობა დიდია, ამ პერიოდის ურთის და ოდიშის ნამოსახლარი ყველაზე ადრეულ ნამოსახლარად ითვლება ამიერკავკასიაში. აქ აღმოჩენილი ნივთები არის საფხეკები, კაჟის ისრის პირები, ნამგალი და  შრომის სხვა იარაღები. მათ ზუსტად ემჩნევათ ადამიანის ზემოქმედება და სწორედ ადამიანის სურვილისამებრ არის გამოყვანილი ფორმები“, - ამბობს ჯიქია.

ლაშა ჯიქიას ინფორმაციით, აღნიშნული ძეგლის შემდგომი საექსპერტო დასკვნის მომზადების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა.








Print