რეგიონი
გალში მცხოვრები მამაკაცი ცოფისგან გარდაიცვალა
გალში მცხოვრები მამაკაცი ცოფის ვირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. რაიონის ადმინისტრაციაში გამართული თათბირის სწორედ იმით დაიწყო, რომ გარდაცვლილს, მოქალაქე გიგლა ჭანტურიას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. შემთხვევა, რომელიც გასულ კვირას მოხდა, შეხვედრის მთავარ განსახილველ თემად იქცა. შეკრებილებმა მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე ისაუბრეს.

გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის გიორგი შონიას თქმით, ბოლო დროს გახშირდა ძაღლებისა და კატების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევები, მისივე ცნობით, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებას 15 - მა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიმართა. სპეციალისტის ინფორმაციით, აფხაზეთში არ არის ანტირაბიული ვაქცინა, რომელიც ვაქცინაციის კურსის და ერთჯერადი აცრის დოზის შემცირების საშუალებას იძლევა.

გალის რაიონის მთავარმა ვეტერინარმა ლიანა ჯგერენაიამ ადგილობრივ მცხოვრებლებს შინაური ცხოველების დროულად აცრისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, “მიუსაფარი ძაღლების დახოცვა კანონით აკრძალულია, ხოლო თავშესაფარში მათი შენახვა ძვირი ჯდება, რისი საშუალებაც სახელმწიფოს არ აქვს“ . მან აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით, გამოირჩევა სოფელი ბარღები, სადაც პრაქტიკულად ყველა ცხოველს ჩაუტარდა ვაქცინაცია. მისივე ინფორმაციით, მანამდე, ქვემო ბარღებში მგლის მიერ დაკბენილი 14 ცხოველი დაინფიცირდა ცოფის ვირუსით. მოგვიანებით, ნადირი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოკლეს. 

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ შეშფოთება გამოთქვა არსებული სიტუაციის გამო.  მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა ზომის მიღება, რათა მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს.


Print