ახალი ამბები
ზუგდიდის მერიასა და ააიპ-ებში 190 შტატგარეშე თანამშრომელია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და მის დაქვემდებარებულ ააიპ-ებში ხელშეკრულებით სულ 2 370 ადამიანია დასაქმებული. რადიო „ათინათის“ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მერიაში ხელშეკრულებით, რომლის ვადა 2019 წლის 31 დეკემბრამდეა, სულ 13 ადამიანი მუშაობს. მათ შორის არიან მერის, მისი მოადგილის მდივან-რეფერანტები და თანაშემწეები, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტანტი და მერიის მძღოლი, რომელთა შრომითი ანაზღაურება 1300-1300 ლარია.

ყოველთვიურად 900-900 ლარი ერიცხება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე ორ პირს, ხოლო რიყისა და რუხის ადმინისტრაციაში დასაქმებული სამი ადამიანი ხელფასის სახით 800-800 ლარს იღებს.

ამავე ოდენობის ხელფასი აქვს ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილებაში ერთ-ერთ დასაქმებულს. შრომითი ხელშეკრულებითაა დასაქმებული მერიის კურიერიც, რომლის ყოველთვიური ანაზღაურება 700 ლარია.

ააიპ-ებსა და შპს-ებში სულ 2 357 ადამიანი მუშაობს. აქედან, 177 შტატგარეშეა. კერძოდ, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“  95 თანამშრომლიდან  73 შტატგარეშეა, „ზუგდიდდასუფთავების ცენტრში“ ასეთი 39 პირი მუშაობს,  „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში“ – 6,  „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში“ – 15, „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში“ – 4 „საფეხბურთო კლუბ „ოდიშში“ – 3, შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ში 40 თანამშრომლიდან შტატგარეშე 31-ია.  „ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში“ კი ასეთი 5 ადამიანია, ყველაზე ნაკლები - 1 შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს „ზუგდიდაგროსერვისს“, „კეთილმოწყობის მართვის ცენტრს“, „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს“, „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრსა“ და „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრს“ ხელშეკრულებით დასაქმებული არცერთი პირი არ ჰყავთ.


Print