ახალი ამბები
რეგიონებიდან ჩასული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს თბილისის შესასვლელებთან დატოვებს
საქართველოს სხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ზუგდიდიდან, დედაქალაქში შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში გადაადგილებას ვერ შეძლებს და მას მგზავრების მიყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე შეეძლება. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც IPN-თან „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელი, ასმათ აბესაძე ამბობს, მგზავრობა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში უნდა დასრულდეს.

„ეს არის სენსიტიური საკითხი. ჩვენი, ხაზს ვუსვამ - ჩვენი ჯგუფის რეკომენდაციაა სხვა ქალაქებიდან შემოსულმა მგზავრმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალურად დადგენილ სადგურებზე დაასრულოს მგზავრობა და იქედან გააგრძელოს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისის მერიასთან უნდა იყოს შეთანხმებული მარშრუტი, სად ჩამოსვამს მძღოლი ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან თუ სხვა ქალაქიდან შემოსულ მგზავრს. მგზავრობა უნდა დასრულდეს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში“, - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, მგზავრობის საფასური მოსახლეობას არ გაუძვირდება.

„თანხობრივად არაფერი იცვლება. ერთადერთი ის შეიცვლება, რომ მგზავრმა კეთილი უნდა ინებოს, ჩამოვიდეს ამ სატრანსპორტო საშუალებიდან და გადმოჯდეს თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში. სატერმინალო სადგურები მეტროსთან იქნება მიბმული, მოეწყობა სერიოზული სამგზავრო ჰაბები. ჩვენ თუ დავტოვეთ ქაოსი ქალაქში, რომელსაც შექმნის საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქიდან ჩამოსული ტრანსპორტი, ასე არაფერი გამოვა. ქაღალდზე საქალაქთაშორისო მიმოსვლა თითქოს დარეგულირებულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, მაგრამ რეალურად რეგულაციები არ მოქმედებს. სხვა ქალაქებიდან შემოსული ტრანსპორტის გამართულობა და ხარისხი არ რეგულირდება. სატვირთო ავტომობილი რომ გგონია, შეიხედავ და მგზავრები უზის“, - განაცხადა აბესაძემ.


Print