ახალი ამბები
ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი ფრანგული კომპანია გახდა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა. როგორც კონსორციუმში რადიო „ათინათს“ აცნობეს, Eiffage გენერალური კონტრაქტორი იქნება და ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ, შვეიცარულ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს.

ამავე ცნობით, გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი ფრანგულ Eiffage - ზე შეჩერდა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიოს მასშტაბით 100 000- ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

"Eiffage-ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს და კონტრაქტის მიხედვით მის მიერ მშენებლობაზე დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. მშენებლობაზე სულ 1 500 ადამიანი დასაქმდება. ფრანგული კომპანია უკვე აქტიურად ჩაერთო ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დეტალური დიზაინის დასრულების პროცესში", -აცხადებენ კონსორციუმში.

ცნობისთვის, Eiffage 1844 წელს დაარსდა. მსოფლიოს მასშტაბით მის მიერ განახორციელებული პროექტები როგორც ურბანული განვითარების, ასევე პორტების, სამანქანო გზებისა თუ ენერგო სისტემების მშენებლობის მიმართულებებს მოიცავს. დღეისათვის Eiffage -ი მსოფლიოს 5 კონტინენტზე, 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Eiffage – ის მიერ განხორციელებულია ისეთი დიდი მასშტაბის პროექტები, როგორიცაა Port of Barcelona და Port of Dakar ესპანეთსა და სენეგალში, ხიდები და სარკინიგზო გზები ევროპის მრავალ ქვეყანაში, EuroAirport Basel Mulhouse Freiburg შვეიცარიასა და Airport – Crete საბერძნეთში, უდიდესი ხიდები El Tigre Viaduct და Unibridge® bridges კოლუმბიასა და ფილიპინებში და სხვა“, - აღნიშნავენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.




Print