ახალი ამბები
ზუგდიდში მოძრავი ღია კინოთეატრი მოეწყობა
ზუგდიდში ღია კინოთეატრის მოწყობაზე მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტორისა და ეკრანის შესასყიდად მერიამ, დაახლოებით, 5 330 ლარი გამოყო.

როგორც მერიის ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა განყოფილების უფროსმა დავით შამათავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, ღია კინოთეატრი ქალაქში, სავარაუდოდ, დადიანების სასახლის ეზოსა და ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა.

„ყოველთვე, მინიმუმ, 2 სოფელში გავიტანთ მოძრავ კინოთეატრს თავად ახალგაზრდების მოთხოვნების შესაბამისად, ფილმებსაც ასე ავარჩევთ“, - აღნიშნა შამათავამ.

ღია კინოთეატრის მოწყობის ინიციატივა, მისივე თქმით, მერიასა და ახალგაზრდულ განყოფილებას ეკუთვნის.
Print