ახალი ამბები
ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში პროფესიულ საჯარო მოხელეებს ხელფასები 50-დან 300-მდე ლარით გაეზრდებათ. რადიო „ათინათს“ იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ უთხრა, რომ ხელფასები შრომის ანაზღაურების კანონმდებლოობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ. მისივე თქმით, ხელფასები პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ გაეზრდებათ. 

„ეს ცვლილება ემსახურება იმას, რომ საჯარო მოსამსახურეების ხელფასები უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ფაქტობრივად, ეს აისახება ჩვენს სპეციალისტებზე, განყოფილებების უფროსებზე და სხვა პროფესიულ საჯარო მოხელეებზე. საკითხის დამტკიცების შემთხვევაში, განყოფილებებისა და სამსახურების უფროსებს დაემატწბა 300-300 ლარი, მოადგილეებს 200-200, მთავარი სპეციალისტებს 100-100, წამყვან სპეციალისტებს -50-50, რომელსაც 20%-იანი საშემოსავლო დააკლდება“, - აღნიშნა სორდიამ.

მისივე თქმით, ამის შესახებ საუბარი რამდენიმე თვის წინაც იყო, თუმცა მაშინ ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდა.

საკითხის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.

Print