ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ზუგდიდში ახალგაზრდული სივრცის მოსაწყობად ვმუშაობთ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, 2020 წელს ზუსტად იქნება განსაზღვრული, რა მიმართულებით იფუნქციონირებს ახალგაზრდული სივრცე. ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის ბათლომე შელიას საპასუხოდ ისაუბრა. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ მერს ჰკითხა, რატომ არ მუშაობს მერია იმ დაპირებაზე, რომელიც შენგელიამ წინასაარჩევნოდ გასცა.

„თქვენ წინასაარჩევნოდ შეკრიბეთ 500 ახალგაზრდა და გახადეთ ეს საარჩევნო შეხვედრა, რომელზეც საკუთარ თავი წარუდგინეთ და დაჰპირდით, რომ იქნებოდა მათთვის სპეციალური სივრცე ზუგდიდში, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგება“, - აღნიშნა შელიამ.

შენგელიამ მას უპასუხა, რომ მერია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად საკითხზე მუშაობს.

„ორი თვეა, რაც მერად ამირჩიეს და ორ თვეში ასეთი რამეები არ შენდება. მიმდინარეობს ლოკაციის ძიება, დასურათებულია რამდენიმე ვარიანტი და განიხილება, რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს პროექტი. 2020 წელს უკვე ნახავთ,  რა იქნება ახალგაზრდული სივრცე, ამ დროისთვის იქნება მკაფიოდ განსაზღვრული ყველა მიმართულება“, - თქვა შენგელიამ.

ზუგდიდის მერის წინასაარჩევნო პერიოდში, შენგელიამ ახალგაზრდებს უთხრა, რომ ქალაქში სპეციალური შენობა აშენდება, სადაც მათთვის სივრცე მოეწყობა. 

„ახალი სივრცე ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ახალ შენობაში განთავსდება კაფეები, სპორტული და ლიტერატურული კუთხეები, სამუშაო და გასართობი ოთახები“, - უთხრა ზუგდიდის მერობის იმჟამინდელმა კანდიდატმა ახალგაზრდულ ფორუმზე შეკრებილებს.


Print