ახალი ამბები
ზუგდიდში იმ ადამიანების მონაცემთა ბაზა შეიქმნება, ვინც სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით ვერ სარგებლობენ (ვიდეო)
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისის და მერიის სოციალური ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს. ისინი ერთობლივად განახლებადი ბაზის შექმნაზე იმუშავებენ, რომელშიც ის პირები შევლენ,  რომლებიც ამ ეტაპზე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით ვერ სარგებლობენ.

„დახმარებების გარეშე რჩება ბენეფიციარების ნაწილი, რომლებიც ვერ ერთვებიან ამა თუ იმ პროგრამებში და აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ, პირველ რიგში, ყოფილიყო ერთიანი ბაზა იმ საქმიანობისა, რომელსაც აკეთებს საჯარო სექტორი. უნდა შევქმნათ საინფორმაციო ჰაბი - ერთიან მონაცემთა ბაზა. ასევე, ვისაუბრეთ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებიც რჩებიან სხვადასხვა პროგრამის მიღმა,“- თქვა დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ეკა მინჯორაიამ.

მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო სხულუხიას თქმით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მერია 50-მდე სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. მისივე თქმით, მიუხედავად აღნიშნულისა, არსებობენ პირები, რომლებსაც დახმარება რეალურად სჭირდებათ, თუმცა ისინი მერიის პროგრამებით ვერ სარგებლობენ.

„ყველაზე მეტად სიმწვავით და მოწყვლადობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან შშმ პირები და ონკოპაციენტები. შშმ პირებისთვის ჩვენ გვაქვს ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც არის რადიკალურად შესაცვლელი და უნდა ჩანაცვლდეს სხვა სერვისებით. ინტერმუნიციპალური სერვისის დაარსებით ჩვენ თითო მუნიციპალიტეტის ხვედრითი წილი უნდა შევამციროთ, გავზარდოთ მომართვიანობა და ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგი,“ - თქვა ნინო სხულუხიამ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმ ბენეფიციარებზე ისაუბრეს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებას. მათ შორის დასახელდნენ: შშმ პირები, უსახლკაროები, ყოფილი პატიმრები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები.




Print