რეგიონი
შსს სენაკში მერიის ააიპ-ის დირექტორის მოადგილის მხრიდან თანამშრომელზე სავარაუდო ძალადობას იძიებს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ "სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი''-ს თანამშრომელი მზია გადელია დირექტორის მოადგილეს დავით ჭითავას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გადელიას მტკიცებით,რამდენიმე დღის წინ, ჭითავამ მას თანამშრომლების თვალწინ აგინა, უყვირა და ცდილობდა, ის ოთახიდან გაეყვანა.

„შემოვარდა კაბინეტში, მომმვარდა და მიყვიროდა, გამოდი, ცალკე უნდა გელაპარაკოო, მაგინებდა და მეჯაჯგურებოდა, მქაჩა ხელი, იმ დონეზე მომიჭირა, ვტიროდი. ისე დამარტყმევინა, წონასწარობა დავკარგე. მაბრალებდა, რომ სასაფლაოების მიწები გავყიდე, რაც ტყუილია. ეს პირველი შემთხვევა არაა, მესამედ დამიპირისპირდა, წინა ორჯერ პოლიტიკური მიზეზით. ახლა მეუბნებოდა, ჩემზ ცუდად რატომ ლაპარაკობო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გადელიამ.

საბოლოოდ, მან სასწრაფო და პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც გადელიას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ფოტოზე: მზია გადელია

„ვმკურნალობ, თაბაშირში მაქვს და ასე უნდა მქონდე კიდევ ცოტა ხანი, მაგრამ სამსახურში მაინც დავდივარ. მაჟორიტარის ახლობელია და არავინ დაუპირისპირდება. ჩემს წინააღმდეგ სოციალურ ქსელშიც აწერინებენ ცრუ ინფორმაციებს“, - აღნიშნა გადელიამ.

მის ბრალდებებს კატეგორიულად უარჰყობს დავით ჭითავა. მან ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, გადელიას მატყუარა და ინტრიგანი უწოდა.

„ყველამ იცის, გადელია ვინ არის. გამოძიება მიმდინარეობს და ის გასცემს პასუხს კითხვებს“, - გვითხრა ჭითავამ.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს მზია გადელიაც და დავით ჭითავაც.

Print