ახალი ამბები
კომპანიის წარმომადგენელი: სამუშაოებზე უსაფრთხოების ზომები დაცული იყო (ფოტო, ვიდეო)
კომპანია “ფაიფერის” უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ლაშა ლატარიას თქმით, სამუშაოებზე უსაფრთხოების ზომები დაცული იყო. სწორედ აღნიშნული კომპანის ასრულებს კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოებს ჩიქობავას ქუჩაზე. ჟურნალისტებთან ლატარიამ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მაშველებმა მიწის ქვეშ მოყოლილი ორივე მუშა ამოიყვანეს.

„აბსოლუტურად დაცული იყო ყველა ზომა, დამცავი კონსტრუქციაც იყო. მიწა ჩამოიშალა იმიტომ, რომ აქ წყლის მილი გადის“, - აღნიშნა ლატარიამ.

დაახლოებით, ერთი საათის წინ, საკანალიზაციო სამუშაოების დროს, კონსტრუქციებმა მიწა ვეღარ შეაკავა და ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი მუშა მიწის ქვეშ ნაწილობრივ მოყვა.

მაშველებმა მათი ამოყვანა, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში მოახერხეს. ორივე მათგანი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ პირველად კვლევებით მნიშვნელოვანი ტრავმული დაზიანება არ აღენიშნებათ.

ჩიქობავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.



Print