ახალი ამბები
პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში წლის საუკეთესო პედაგოგები დაასახელეს (ვიდეო)
ასოციაცია ,,ათინათის" პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში, ანაკლიაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წლის საუკეთესო კლუბების პედაგოგები დაასახელეს.

საბუნებისმეტყველო კლუბის ხელმძღვანელობისთვის ინგირის 1 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ქაჯაია დაჯილდოვდა. ინგლისური ენის კლუბის წლის საუკეთესო პედაგოგი ჩხორიის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ჯოჯუა გახდა. ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ეკოლოგიური განათლების კლუბის მიმართულებით აქტიური მუშაობისთვის ჭკადუაშის საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა ფირცხელავა დააჯილდოვეს, ხოლო სამოქალაქო განათლების კლუბის საუკეთესოდ ხელმძღვანელობისთვის ჯილდო დარჩელის საჯარო სკოლის პედაგოგს ნინო კარბაიას გადაეცა.

შემაჯამებელ შეხვედრას პარტნიორი სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარტნიორი სკოლის მოსწავლეები გაცვლითი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ. მათ უცხოეთში მიღებული შთაბეჭდილებები ღონისძიებაზე შეკრებილებს გაუზიარეს.

პროექტს “ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ახორციელებს ასოციაცია "ათინათი" გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF და გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-თან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით.

Print