ახალი ამბები
რადიო „ათინათმა“ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
რადიო „ათინათის“ კონკურსი „ზაფხული სამეგრელოში“ დასრულდა. ფოტოები ერთი თვის განმავლობაში რადიოს ფეისბუქ გვერდზე ქვეყნდებოდა. ყველაზე მეტი მოწონება გიორგი ნაჭყებიას ფოტომ დაიმსახურა.  მას საჩუქრად სასტუმრო ,,ლეთოში'' ერთი ღამით დასვენების და აუზით სარგებლობის პაკეტი, ასევე რესტორან ,,შუა ქალაქისგან'' 250 ლარიანი ვაუჩერი და ანაკლიის აკვაპარკის ორი ბილეთი გადაეცა.

„მეგობარმა მირჩია მონაწილეობის მიღება. სურათი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზუმში გადავიღე. დაახლოებით, ნახევარი საათი ველოდებოდი გაელვებას. ფოტოაპარატიც არ მქონდა, ტელეფონით გადავიღე. სხვა ფოტოებიც მქონდა, თუმცა ეს შევარჩიე და გამიმართლა. ფოტოების გადაღება ჩემი ჰობია. წელს აბიტურიენტი ვარ და საავიაციო უნივერსიტეტში ვაბარებ, სწავლის დაწყებამდე საჩუქრებს აუცილებლად გამოვიყენებ“, - გვითხრა გიორგი ნაჭყებიამ.

საკუთარი რჩეულები - ლაშა კვარაცხელია და ბექა გოგილავა დაასახელა ფესტივალმა Echowaves. ორივე გამარჯვებული ორგანიზატორებისგან ფესტივალზე დასასწრებ ბილეთს მიიღებს.

„პირველ რიგში, კონკურსში მონაწილეობა განაპირობა იმან, რომ მიყვარს ელექტრონული მუსიკა და არცერთი ფესტივალი არ გამომიტოვებიამ რაც ანაკლიაში ყოფილა. როცა ვნახე, რომ სპონსორი Echowaves იყო, გადავწყვიტე ანაკლიის ფოტო გამომეგზავნა, რათა მომეპოვებინა Echowaves-ის სიმპათია“, - თქვა „ათინათის“ დილის გადაცემაში კონკურსანტმა ლაშა კვარაცხელიამ.

მესამე გამარჯვებულს, რადიო „ათინათის“ რჩეულ მონაწილეს მარიამ გოლანძიას სასტუმრო „ლეთოს“ და „ალტა ოქეის“ ვაუჩერები, ასევე ანაკლიის აკვაპარკის ბილეთი აჩუქეს.

კონკურსში 40-ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა.

Print