ახალი ამბები
განმუხურში აღმოჩენილი დოქი წინარე ანტიკური ხანისაა
ზუგდიდის სოფელ განმუხურში მდინარე ენგურის სანაპიროსთან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კერამიკული ნაწარმი აღმოაჩინეს, რომელსაც მთლიანობა შენარჩუნებული აქვს. როგორც რადიო „ათინათს“ მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ უთხრა,ის წინარე ანტიკური ხანის (ძვ. წ. მერვე - მეშვიდე ს. ს.) კოლხური თიხის დოქია. მისივე თქმით, კერამიკული ნაწარმი ადგილობრივი წარმოებისაა და ის მდინარის მიერ არის ჩამოტანილი.

„მოქალაქემ ათი დღის წინ აღმოაჩინა. მისი გარეცხვის შემდეგ, აღმოჩნდა რომ ფორმა მთლიანად შენარჩუნებული ჰქონდა. დოქი ყავისფერკეციანია, ქასრანარევი, ტანი სფეროსებრია, მხრებში გამოყვანილია და შემკულია ორმაგი ყურით. ტუჩის პირი ზედაპირისკენ სიმეტრიულად ფართოვდება. დოქის სიმაღლე 15 სმ.-ია, ტანის მაქსიმალური სიფართე 12 სმ.-ია. საინტერესოა, რომ დოქი თავის დროზე შემკული ყოფილა ორნამენტებით, მაგრამ გარემო პირობების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ამჟამად თითქმის წაშლილია“, - ამბობს ჯიქია.

აღნიშნული კოლხური თიხის დოქი, შემდგომი ექსპოზიციის მიზნით, გადაეცემა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის არქეოლოგიის ფონდს


Print