ახალი ამბები
დეპუტატი სანდრო სორდია ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის განთავსებას არ ეთანხმება (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს წევრი სანდრო სორდია მოედანთან ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის განთავსებას არ ეთანხმება. ამის შესახებ დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. სორდიას მიაჩნია, რომ ფრესკის განთავსება რელიგიურ დაწესებულებებში უფრო მიზანშეწონილი იქნება. მან დეპუტატებს ალტერნატიული ადგილი - მაცხოვრის კარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა და აღნიშნა, რომ მსგავს საკითხებზე საჯარო განხილვები უნდა მოეწყოს.

„რამდენადაც ვიცით, არის მონახაზი, რომ ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკა განთავსდეს. ჩემი შეთავაზება იქნება ასეთი, რომ ფრესკა მაცხოვრის კარის ეკლესიასთან, უფრო შემაღლებულ ადგილას აღიმართოს.  სწორი იქნება მოედანზე მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ძეგლები დაიდგას. მიმაჩნია, რომ ყველა საკითხი, რომელიც ჩვენს ქალაქს ეხება, იქნება ეს რელიგიური თუ არარელიგიური, უნდა იყოს ფართო, საჯარო განხილვის საგანი“, - აღნიშნა სორდიამ.

მის მოსაზრებას საკრებულოს კიდევ ორი დეპუტატი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე თამუნა ჯიქია და "ევროპული საქართველოს" წევრი ბათლომე შელია დაეთანხმა. მათი თქმით, მოედანი არის საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, სადაც მიტინგები, აქციები, კონცერტები ტარდება და შესაბამისად, ფრესკის განთავსება მართებული ვერ იქნება.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ამ საკითხზე საჯარო განხილვები მოეწყობა.

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტისა და შემდეგ ფრესკის აღმართვის შესახებ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებებია. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილს მოსწონს ეპარქიის იდეა, ნაწილისთვის კი წმინდანის ფრესკის ამ ადგილზე განთავსება მიუღებელია.

ცენტრალურ მოედანზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მაკეტი ზუგდიდისა და ცაიშის  მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით აღმართეს.






Print