ახალი ამბები
მაჟორიტარები მერიას ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხზე კონტროლს სთხოვენ

ზუგდიდის საკრებულოს წევრები მერიის ზედამხედველობის სამსახურს სთხოვენ, რომ მიმდინარე და შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხი შეამოწმოს.

მოთხოვნა აბასთუმნისა და კომბინატის მაჟორიტარებმა ედიტა კოდუამ და სალომე ფაცაციამ საკრებულოს სხდომაზე გააჟღერეს. ფაცაციას თქმით, კომბინატში მიმდინარე სამუშაოები ხარვეზებით მიმდინარეობსედიტა კოდუამ კი აღნიშნა, რომ უხარისხო სამუშაოების გამო ბიუჯეტი ზარალდება. 

„პრეტენზია მაქვს, რადგან აბასთუმანში სანიაღვრე სისტემა არ არის შესრულებული ხარისხიანად. თანხა უნდა დაიხარჯოს ეფექტურად. გარდა ამისა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურს არ გააჩნია იმდენი საშუალება, რომ გაწვდეს ამდენ სამუშაოს, მაგალითად, სანიაღვრეები გაასუფთავოს ხშირად, მაგრამ კეთილი ინებონ, შეიძინონ მეორე ტრაქტორი და მონახონ გამოსავალი“, - აღნიშნა კოდუამ. 

მათ საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განმარტა, რომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას წუნზე მყისიერი რეაგირება იქნება.

„შესრულებული სამუშაოების ხარისხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ყველა წუნზე იქნება მყისიერი რეაგირება და ესაა პრიორიტეტული გუბერნიისთვისაც, მერიისთვისაც და ჩვენთვისაც“, - აღნიშნა წოწერიამ

ზუგდიდის მერიაში რადიოათინათს უთხრეს, რომ მიმდინარე სამუშაოებზე ინსპექტირებას საგზაო დეპარტამენტი ახდენს, თუმცა, მერიის ზედამხედველობის სამსახური, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოსთან შუამდგომლობს. 

 

Print