ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის მიმართ მთავრობა ყველა ვალდებულებას ასრულებს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიუხედავად პროექტთან დაკავშირებით დისკუსიისა, ყველას ერთი ინტერესი აქვს - აშენდეს პორტი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, ფერხდება თუ არა პროექტი ან ემუქრება თუ არა საფრთხე მის განხორციელებას, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი არის ერთი - ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს და ის აუცილებლად აშენდება. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დისკუსია, ზოგჯერ სპეკულაციაც და ბრალდებები სახელმწიფოს მიმართ, თითქოს მთავრობას არ სურს პორტის მშენებლობა, არასწორია. შეგახსენებთ, რომ სწორედ მთავრობა იყო პორტის მშენებლობის ინიციატორი და 2014 წლიდან აქტიურადაა ჩართული პროექტის განხორციელების პროცესში“,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო თავის ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებს. როგორც ცქიტიშვილი განმარტავს, კონსორციუმს უკვე გადაეცა დაახლოებით 60 მილიონ ლარად კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მიმდინარეობს პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირება, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო, სავარაუდოდ, ნოემბერში მშენებლობა დაიწყება.

მაია ცქიტიშვილმა ასევე განმარტა, რომ 100 მილიონი აშშ დოლარის სესხი კონსორციუმზე გაიცემა მას შემდეგ, რაც ინვესტორი მოახერხებს 520 მილიონი დოლარის მობილიზებას. 

ამავე თემაზე:


პასუხი ყველა მოწინააღმდეგეს - ანაკლიის პორტი განცხადებას ავრცელებს



Print