ახალი ამბები
მინისტრი ხაჯიმბასა და პუტინის შეხვედრაზე: მსგავსი შემთხვევები რუსული გავლენის ზრდას უწყობს ხელს
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის პრეზიდენტი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება და ამით ცდილობს ერთგვარი ლეგიტიმაცია მიანიჭოს იმას, რასაც ლეგიტიმაცია არანაირად არ ექნება“, - ასე ეხმიანება სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას სოჭში. ციხელაშვილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ არის ოკუპირებული და ეს მდგომარეობა მთლიანად საერთაშორისო სამართლისა და ნორმების წინააღმდეგაა. მისივე განცხადებით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს.

„მთელი რიგი საკითხები საკითხებია, რაც ანონსდება, რომ ამ შეხვედრაზე განიხილება. საუბედუროდ, არც ეს წარმოადგენს დიდ სიურპრიზს, რადგან თერთმეტი წლის განმავლობაში, 2008 წლიდან მოყოლებული, რუსული გავლენა საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე თანდათან მზარდია. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ფაქტობრივად, ყველა სფერო ექსკლუზიური რუსული კონტროლის ქვეშაა მოქცეული და ამგვარი შეხვედრები მხოლოდ ხელს უწყობს იმას, რომ ეს გავლენა კიდევ უფრო გაიზარდოს. აქ საყურადღებოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობისა და საზოგადოებისათვის ეს ნამდვილად არ არის პოზიტიური განვითარება და სწორედ აფხაზეთში, წლიდან წლამდე, სულ უფრო მეტად ისმის ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება რუსეთის ამ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ფაქტობრივად ადგილობრივი მოსახლეობის იდენტობის წინააღმდეგ არის მიმართული“, - აცხადებს მინისტრი.


Print