ახალი ამბები
ციხელაშვილი: ხაჯიმბასა და პუტინის შეხვედრა რუსეთის ძალისმიერი პოლიტიკის ლეგიტიმაციისთვის სვლაა
„ეს გახლდათ მორიგი შეხვედრა, ფიგურალური სვლა, რითაც რუსეთი მისი ძალისმიერი პოლიტიკის ლეგიტიმაციას ცდილობს - ცალმხრივი აღიარების, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობაში ვერანაირი მხარდაჭერა ვერ ჰპოვა“, - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციისა და სამოქალაქო საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას.

„ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ეს ხდება ამ დღეებში, მით უფრო, მოგეხსენებათ ასევე ჩანიშნულია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში და მგონია, რომ ეს სვლა ამ ე.წ. არჩევნებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ მოვისმინეთ პუტინის მოწოდებებიც, რომ თითქოს ეს პროცესი დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს და სტაბილურობას შეუწყოს ხელი. მე ვფიქრობ საკითხები, რომლებიც განიხილეს, ერთგვარი ე.წ. წინასაარჩევნო სვლაც იყო. თუმცა, ნებისმიერი ასეთი შეხვედრა, ბუნებრივია, კიდევ უფრო უწყობს ხელს რუსეთის გავლენის განმტკიცებას. კიდევ უფრო მეტი წინაპირობა და პირობა არის დაყენებული რუსეთის მხრიდან და მეტი ზეგავლენა და კონტროლი მყარდება მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც, რა თქმა უნდა, მძიმე რეალობაა და მათ შორის, მძიმეა იქ მაცხოვრებელი ადამიანებისა და საზოგადოებისათვის“, - დასძენს ციხელაშვილი.


Print