ახალი ამბები
სამეგრელოს გუბერნატორს კიდევ ორი ახალი მოადგილე ჰყავს (ვიდეო)
სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მალხაზ თორიას ნაცვლად დავით ვერავა, ხოლო კობა ქანთარიას ადგილას ნუკრი ხასია დაინიშნა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

„ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი, ბატონი ნუკრი დაკავშირებულია ამ პროექტებთან, დავით ვერავა ფინანსისტია და ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია ჩვენთვის", - აღნიშნა მოწერელიამ.

ძველი მოადგილეებიდან პოსტი მხოლოდ ნინო ვიბლიანმა შეინარჩუნა.

პირველ მოადგილედ ალექსანდრე მოწერელიამ პირველ აგვისტოს დავით ფარცვანია წარადგინა.

დავით ვერავა გიორგი შენგელიას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, მანამდე ის „ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ზუგდიდის ერთ-ერთ უბანში. ნუკრი ხასია სხვადასხვა კერძო სამშენებლო სტრუქტურაში მუშაობდა. ბოლოს შპს "ვი-სი-ვი“-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო. აღნიშნულ კომპანიას ზუგდიდიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეები გადაჰქონდა.
Print