ახალი ამბები
სოხუმში აეროპორტის რეკონსტრუქციას წელიწადნახევარში ვარაუდობენ
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას და აღჭურვას, მინიმუმ, წელიწად-ნახევარი დასჭირდება. ამის შესახებ „აფსნიპრესს“ აეროპორტის დირექტორმა ვიაჩესლავ ეშბამ განუცხადა. მისივე გათვლით,  მომავალში, აეროდრომი დღე - ღამეში ბოინგ - 737 - მის ტიპის 6-7 თვითმფრინავის და ბოინგ -747 - ის ტიპის ორი რეისის მიღებას შეძლებს.

ეშბას ინფორმაციით, აეროპორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, ამ ეტაპზე „საერთაშორისო აეროპორტს" ოთხასოიანი კოდი «URAS» მიენიჭა.

„კოდი უნდა ასახავდეს აეროპორტის ტერიტორიულ მდგომარეობას, იმის მიხედვით, თუ რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის საჰაერო სივრცე... ასევე, ის უნდა დაარეგისტრიროს და ცნოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ICAO. დღეს ამის გაკეთება რთულია, რადგან აფხაზეთი ნაწილობრივ არის აღიარებული. თუმცა, ორმხრივ მოლაპარაკებებში, რომელზეც საუბარი მიდის, ჩვენი ინტერესების დელეგირებას რუსეთი ახდენს. შედეგად, კოდი მიღებულია, და როგორც ვიცი, ინვესტორმა უკვე დააფინანსა აეროპორტის კაპიტალური რემონტის პროექტი“, - აცხადებს ეშბა.

მან აღნიშნა, რომ თუ საბჭოთა პერიოდში აეროპორტში მგზავრთა ნაკადი საათში 600 ადამიანს შეადგენდა, ახლა,  მისი ვარაუდით, ეს მაჩვენებელი 200 - მდე უნდა დაიყვანონ. პერსპექტივაში კი ახალი აეროსადგურის კომპლექსის მშენებლობაც განიხილება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმად, „არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომს“ მიენიჭა ერთობლივი ბაზირების სტატუსი, რაც ითვალისწინებს აეროდრომზე სამოქალაქო და სახელმწიფო თვითმფრინავების განთავსებას. გარდა ამისა, სოხუმის აეროპორტს მიენიჭა საერთაშორისო ოთხასოიანი კოდი, რომელსაც რუსეთის აერონავიგაციის საინფორმაციო კრებულში შეიტანენ.

ამავე თემაზე:

საგარეო უწყება: ICAO-ში სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს

დაურ კოვე სოხუმის აეროპორტზე საქართველოს პოზიციას ეხმიანება: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის





Print